local_phone
02/22/2021 - 15:38
თმის ცვენა და მისი მკურნალობა
მიმოხილვა
თმის ცვენა (ალოპეცია) დღეს-დღეისობით აქტუალური საკითხია კაცებში, ქალებში და ასევე ბავშვებში. კაცობრიობის განვთარებასთან ერთად მისივე ინტერესები იცვლება. ადრეულ პერიოდში თმის ცვენის პრობლემა სამედიცინო საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩებოდა, ვინაიდან არსებობდა უფრო რთული და აქტუალური პრობლემები. დღეს-დღეისობით პლასტიკური ქირურგიის განვითარებამ მიგვიყვანა ფაქტებამდე, რომ ადამიანებს აინტერესებთ როგორ გამოიყურებიან, არ აქვს მნიშვნელობა საკითხს, მთავარია მათი ინტერესები და მოთხოვნები დაკმაყოფილებული იყოს. ბოლო 40 წელია (20 წელი საქართველოში), რაც ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემა (მეტწილად მამაკაცებისთვის), თმის ცვენა, ყურადღების ცენტრში მოექცა. ტექნელოგიურმა განვითარებამ, სამედიცინო კვლევებმა და სტატისტიკურმა ანალიზებმა უდიდესი ინფორმაცია მოგვაწოდა თმის ცვენასა და ამ პრობლემასთან გამკლავების გზებზე.
თმის ცვენა შესაძლოა იყოს განპირობებული: გენეტიკური წინასწარგანწყობით, ჰორმონალური დისბალანსით , სამედიცინო წამლების მოხმარების გვერდით ეფექტით, ასაკით , სტრესით, სხვადასხვა დაავადებებით ,თმის არასწორი მოვლით, რადიაციით და სხვა ფაქტორებით.
თმის ცვენა შეიძლება ლოკალურად ან/და მთლიან სხეულზე განვითარდეს, შეიძლება იყოს დროებითი (ტრანზიტორული) ან პერმანენტული (მუდმივად მიმდინარე).
ანდროგენული სიმელოტე ტიპიურად იწყება სკალპიდან. ბევრისთვის ეს პროცესი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მათ ყურადღებას არ იპყრობს და ხშირად მეოთხე ხარისხის ალოპეციამდე (ნორვუდის კლასიფიკაციით) მამაკაცებისთვის შეუმჩნეველი რჩება (ქალები მალევე ამჩნევენ ამ პრობლემას). ხშირად კი თმის ცვენის დაწყების მომენტიდან თვალსაჩინოა ადამიანისთვის არსებული პრობლემა და თავიდანვე აქტიურად ერთვება დიაგნოსიტრებასა და მკურნალობაში.
სიმპტომები
თმის ცვენა შესაძლოა ბევრნაირად გამოვლინდეს. იგი შეიძლება ელვისებურად დაიწყოს და მალევე ავნოს თმიან საფარველს, როგორც თავზე ასევე მთელ სხეულზე.
-
თმის შეთხელება შუბლსა და თხემზე
ესაა თმის ცვენის ყველაზე ხშირი გამოვლინება, ძირითადად ასაკთან ერთად ვითარდება და განპირობებულია გენეტიკურად, ამ ტიპის სიმელოტეს მოვიხსენიებთ როგორც ანდროგენული ტიპის სიმელოტეს, ვინაიდან ის უმეტესწილად მამაკაცებში გვხვდება. თმის ცვენის ხასიათიც ტიპიურია, თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს თმიანი საფარველის წინა ხაზიდან, შუბლიდან ან/და შეიძლება დაიწყოს თხემიდან, გვირგვინიდან. იგივე ტიპის თმის ცვენა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ქალებში.
-
თმის ცვენა მრავალ-ეპიცენტრული წრიული, ცირკულარი, ოვალური ფორმებით
ზოგიერთ შემთხვევაში თმის ცვენა იწყება ალაგ-ალაგ წრიული ფორმებით, ამ ტიპის თმის ცვენას ბუდობრივი ალოპეცია ეწოდება. დასაწყისში აღსანიშნავია დერმატოლოგიური პრობლემა, შესაბამისად შეიძლება განვითარდეს როგორც თავის თმიან საფარველზე, ასევე წვერსა და წარბებზე. თმის დაცვენამდე შესაძლოა გამოვლინდეს კანის ანთება, იყოს ლოკალურად მტკივნეულიც კი, ან თან ახლდეს ქავილი.
-
თმის უეცარი დაცვენა
ფიზიკურმა თუ ემოციურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს თმის მოულოდნელი ცვენა. თავის დაბანისას, ან უბრალოდ თავზე ხელის მოსმისას ხელში რჩება თმა. თმის ცვენის ეს სახეობა სახიფათოა და მიუთითებს ორგანიზმის სხვა პრობლემებზე.
-
თმის დაცვენა მთელს სხეულზე
გარკვეულ მდგომარეობებსა და სამედიცინო მკურნალობისას, როგორიცაა ქიმიოთერაპია (სიმსივნის მკურნალობის დროს), შეიძლება განვითარდეს თმის სრული დაცვენა. თმა ჩვეულებრივ დაბრუნდება გამომწვევი ფაქტორის მოშორებისას.
-
გამონაყარით კანზე
დერმატოლოგიურმა დაავადებებმა შესაძლოა გამოიწვიონ თმის ცვენა. თმიანი საფარველის ქავილი, შეწითლება, კანის აქერცვლა, ამობერილობა, გამონადენი, არაბუნებრივი შესახედაობის ზედაპირი შეიძლება აზიანებდეს თმიან საფარველს, ათხელებდეს, ტეხავდეს თმის ღერს, იწვევდეს თმის ცვენას, თუმცა ამ შემთხვევაში თმის ცვენა მეორეული პრობლემაა, რომლის მოგვარებაც უნდა დაიწყოს დერმატოლოგიური დაავადების დიაგნოსტირებითა და მკურნალობით.
როდის მივიდე ექიმთან?
თუ გაწუხებთ თმის ცვენა, ამჩნევთ თმიანი საფარველის შეთხელებას, ქავილს ან დერმატოლოგიური დაავადებების სხვა სიმპტომებს, ამჩნევთ თმის მსხვრევას, თმის ღერის შეთხელებას, მისი ვიზუალის ცვლილებას, შუბლის ხაზისა თუ თხემის არეში (გვირგივინის არე) თმიანი საფარველის მთლიანობის დარღვევას, ეწვიეთ ტრიხოლოგს.
დაავადების დროულად დიაგნოსტირების შემთხვევაში თმის ცვენის (ასევე ყველა დაავადების) მკურნალობა გაცილებით ეფექტურია. დროის მოკლე მონაკვეთში ვაღწევთ სასურველ შედეგს, ასევე შესაძლოა თავიდან ავიცილოთ ოპერაციული ჩარევის საჭიროება (თმის გადანერგვა), რაც დამატებით ფინანსებთან და დროსთანაა დაკავშირებული. ასევე სასურველია თმის ცვენის ადრეული დიაგნოსტირება, რათა მალევე შევაჩეროთ მიმდინარე პროცესი და არასასურველი შედეგი (სიმელოტე) ავიცილოთ თავიდან. რაც უფრო შორსაა პროცესი წასული, უფრო დიდი დრო და ენერგიაა საჭირო მისი მკურნალობისთვის. ამიტომ, გირჩევთ, სიმპტომების საწყისსავე გამოვლინებისას მიმართეთ ტრიხოლოგს.
მიზეზები
ადამიანს ყოველდღიურად თმა ცვივა ბუნებრივ პირობებში, რადგან მოიშოროს ძველი ღერი და ჩაანაცვლოს ახალი ღერით. დღის განმავლობაში თმის 100 ღერამდე რაოდენობის დაცვენა ნორმალურად მიიჩნევა. პრობლემა იწყება მაშინ, როცა ახალი თმის ღერები არ ანაცვლებენ დაცვენილ ღერებს, ან ცვენის სიხშირე იზრდება.
-
ოჯახურ ანამნეზი (გენეტიკა) სიმელოტე დედის ან/და მამის მხრიდან
ყველაზე გავრცელებული თმის ცვენას ვუწოდებთ ანდროგენულ ალოპეციას.( მამაკაცური ტიპის თმის ცვენა) იწყება როგორც შუბლის ხაზის შეთხელებით, ან აწევით, ასევე თხემის არეში (გვირგვინი) თმის შეთხელებით. ქალებში ამ ტიპის თმის ცვენისას ნარჩუნდება შუბლის ხაზი, თმის ცვენა იწყება თხემის არედან. გენეტიკურადაა განპირობებული. შესაბამისად უდიდესი მნიშვნელობა ექცევა ოჯახურ ისოტირაში (ანამნეზში) არსებულ თმის ცვენას. ის ტიპიურად წარიმართება, მისი მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით არსებობს ნორვუდის კლასიფიკაცია, რომელიც ასახავს ეტაპობრივად თმის ცვენის მიმდინარეობას მამაკაცებში.
-
ჰორმონალური ცვლილებები და მედიკამენტოზური ზეგავლენა
ჰორმონები ყველაფერზე მოქმედებს, ასევე მოქმედებს თმის ციკლსა თუ სტრუქტურაზე, კვებასა თუ ზრდაზე. შესაბამისად ჰორმონალური დისბალანსი, რითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, დიდ როლს თამაშობს თმის ცვენის პრობლემაში. ხშირად ძლიერმოქმედი ჰორმონალური პრეპარატების მიღებას თან სდევს თმის ცვენა, ამ შემთხვევაში სახასიათოა, მოხსნის ეფექტი. ანუ, როდესაც შეწყვეტთ მედიკამენტის მიღებას, შეწყდება თმის ცვენაც. სამწუხარო კი ისაა, რომ დაცვენილი თმა შეიძლება ვერ აღდგეს თავისით, გააჩნია პროცესი რამდენად შორსაა წასული. ასევეა ბუნებრივად (მედიკამენტების გარეშე) ჰორმონალური ცვლილებების შემთხვევაში, ჰორმონალური დისბალანსი აისახება ხშირად თმის ცვენით და ასევე ახასიათებს დაბალანსების შემდეგ პრობლემის შეწყვეტა. ასევე არ ვიცით აღდგება თუ არა უკვე დაცვენილი თმიანი საფარველი. ამ ყველაფრისთვის საჭიროა დიაგნოსტირება.
-
რადიაციისგან გამოწვეული
რადიაცია, როგორც მთელი ორგანიზმისთვის, თმის ცვენისთვისაც პრობლემის გამომწვევია. რთული სათქმელია რა ტიპის დასხივება ვის ორგანიზმში რას გამოიწვევს, თუმცა სტატისტიკური კვლევების თანახმად, ადამიანებს რომლებსაც დასხივების ქვეშ უწევთ მუშაობა ან ხშირად ყოფნა, მეტად უვლინდებათ თმის ცვენის პრობლემა. მათ შორის შედის რადიაცული თერაპიით მკურნალობაც, რომელიც თმის ცვენის განმაპირობებელი ფაქტორია.
-
თმის ვარცხნილობისგან გამოწვეული
თმის ცვენის ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორია დაჭიმვა, ე.წ. ტრაქციული თმის ცვენა. თუ თქვენ ატარებთ თმის ისეთ ვარცხნილობას, რომელსაც ახასიათებს თმის ძლიერი დაჭიმულობა და ეს ხანგრძილავად გრძელდება, მაშინ თქვენ ხართ ტრაქციული ტიპის თმის ცვენის რისკის ქვეშ.
-
ძლიერი სტრესით გამოწვეული
ჩვენი ცხოვრება არაფრისგანაა დაზღვეული, ამიტომ ხშირად ისეთ ვითარებაში შეიძლება აღმოვჩნდეთ სულ რომ არ ველოდით. ორგანიზმისთვის სტრესი შეიძლება იყოს ნებისმიერი უარყოფითი ფაქტორი. ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურად რეაგირებს, ამიტომ არასწორი იქნება იმის თქმა რომ ყველას თმა ცვივა ძლიერი სტრესის დროს, თუმცა პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა ფიქსირდება როდესაც სტრესგადატანილი ადამიანი მოდის თმის ცვენის პრობლემით. შესაძლოა სტრესულმა ფაქტორმა არა მარტო თავის თმიან საფარველზე, არამედ წვერზე, წარბზე და სხვა მიდამოებში გამოიწვიოს თმის ცვენა.
-
Covid-19 (კორონავირუსი)
კვლევებმა გვიჩვენა, რომ თმის ცვენა შეიძლება ასევე Covid-19-მა (კორონავირუსმა) გამოიწვიოს. რაც უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება, მით მეტია თმის ცვენის შანსი. უშალოდ თმის ცვენის განმაპირობებელი ამ დაავადების დროს არის სიცხე (რომლითაც მიმდინარეობს ძირითადად) ,მედიკამენტების ტოქსიური ეფექტი და სტრესი, რომელსაც თავის მხრივ იწვევს აღნიშნული დაავადება. ცვენა იწყება მოვლენიდან (სიცხე, სტრესი, Covid-19) 2-3 თვეში. იგი შესამჩნევია მეტწილად ბანაობის ან თმის ვარცხნის დროს. კვლევების თანახმად Covid-19-ით მიმდინარე თმის ცვენა 6-9 თვე გრძელდება და ამ პერიოდის გავლის შემდეგ წყდება თმის ცვენის პროცესი. ბევრი აღნიშნავს თმიანი საფარველის ნორმასთან დაბრუნების შესახებ.
დამატებითი რისკ-ფაქტორები
- მოულოდნელი / უეცარი წონის კლება
- დიაბეტი
- ტუბერკულოზი (ჭლექი)
- არასწორი კვება
პრევენცია
გენეტიკურად განპირობებული თმის ცვენის პრევენცია შეუძლებელია.
მეტი ყურადღება მიაქციეთ თქვენს თმიან საფარველს, ცვლილებების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. მოერიდეთ (მოარიდეთ თმა) ძლიერ დასხივებებს, მათ შორის მწველ მზეზე დიდხანს გაჩერება შეიძლება აღმოჩნდეს თმის ცვენის განმაპირობებელი. ნუ მოსწევთ თამბაქოს, ზოგიერთი კვლევა გვიჩვენებს კავშირს მოწევასა და სიმელოტეს შორის. ტრაქციული თმის ცვენის პრევენცია შესაძლებელია მარტივად- ატარეთ ისეთი ვარცხნილობა რომელსაც თმის ძლიერი მოჭიმვა არ ჭირდება.
დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მედიკამენტებს რომლებსაც ვიღებთ, კითხეთ მკურნალ ექიმს წამლის გვერდითი მოვლენების შესახებ. მიაქციეთ ყურადღება სწორ კვებას. სწორი კვების დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ასევე ჰორმონალური პრობლემები, რომლებიც თავის მხრივ აისახებიან არამარტო თმის ცვენაზე, არამედ თქვენს გუნება-განწყობასა და ჯანრმთელობის საერთო მდგომარეობაზე. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევები წელიწადში ერთხელ მაინც, რათა დააზღვიოთ თქვენი ჯანმრთელობა მოსალოდნელი ან უეცრად განვითარებული პრობლემებისგან.
ქიმიოთერაპიის დროს არსებობს თავის გამაგრილებელი ქუდი, რომლის გამოყენებაც ამცირებს თმის ცვენის რისკს, კითხეთ ექიმს საჭიროების შემთხვევაში.
დიაგნოსტიკა
თმის ცვენის დიაგნოსტირება (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.) იწყება ანამნეზის შეგროვებით. გამოკითხვა იწყება ოჯახური ანამნეზით გენეტიკურ თმის ცვენის დასტურისთვის ან გამოსარიცხად. მნიშნველოვანია თქვენი კვების რაციონი, ამიტომ ამის შესახებ ექიმი საჭიროების შემთხვევაში გაგესაუბრებათ. ასევე მნიშვნელოვანია თქვენი თმის მოვლის რუტინა, თუ როგორ უვლით, რა ვარცხნილობას ატარებთ და ა.შ. ექიმი გკითხავთ თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, თუ გაწუხებთ რამე, მედიაკმენტებს მოიხმართ თუ არა, გადატანილი რა დაავადებები გაქვთ, წონა ხომ არ დაგიკლიათ ბოლო პერიოდში და ა.შ.
შეიძლება გაჩნდეს გარკვეული ანალიზების საჭიროება. ექიმს შეიძლება დაჭირდეს თქვენი სისხლის საერთო ანალიზი, კონკრეტული ჰორმონის ანალიზი. ექიმი დაათვალიერებს საჭიროების შემთხვევაში თქვენს სკალპს, თმის სტრუქტურისა და კანის შესაფასებლად, ეს უმტკივნეულო გამოკვლევაა რომელსაც ექიმი სპეციალური აპარატით, ტრიქოსკოპით ატარებს. აპარატი იძლევა საშუალებას თმის საფარველისა და კანის გადიდებულად დათვალიერებისთვის.
მკურნალობა
თმის ცვენის მკურნალობა დამოკიდებულია პირველ რიგში გამომწვევ მიზეზზე და არსებულ მდოგმარეობაზე. ამიტომ თანამედროვე მედიცინა გვაძლევს ეფექტური მკურნალობის საშუალებას მრავალი ტიპის შემთხვევისთვის. მკურნალობით შეიძლება დავიბრუნოთ დაკარგული საფარველი, ან უბრალოდ შეწყდეს პროცესი. თმის ცვენის მკურნალობა შეიძლება იყოს მედიკამენტოზური ან ოპერაციული.
აღსანიშნავია, რომ თმის ცვენის მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია, საჭიროებს დიდ მოთმინებას, თუმცა ეფექტის გამოჩენისთანავე კმაყოფილების შეგრძნება ჩნდება. თანამედროვე მედიცინა გვთავაზობს თმის ცვენის რამდენიმე ტიპის მკურნალობას მედიკამენტოზურად. ეწვიეთ კვალიფიციურ ტრიქოლოგს და გამოკითხეთ დეტალურად არსებული პრობლემის შესახებ.
მედიკამენტოზური მკურნალობა
მინოქსიდილი
თანამედროვე მედიცინა აღიარებს ამ წამლის ეფექტურ მოქმედებას და უსაფრთხოებას, ამიტომ მისი როლი თმის ცვენის მკურნალობაში უცვლელია. სწორი მკურნალობის შემთხვევაში 6 თვეში ეფექტი იგრძნობა, ამის შემდეგ კი ორიოდე თვეში დგება სასურველი ეფექტი. მინოქისიდილის შესახებ სრულ ინფორმაციას გაეცანით აქ.
ფინასტერიდი
ამ მედიკამენტის ეფექტურობა დასტურდება მხოლოდ მამაკაცებში, ქალებისთვის არ არის რეკომენდებული ამ წამლის მიღება. მისი ეფექტურობა განპირობებულია 5-ალფა რედუქტაზის ბლოკირებაზე, ეს უკანასკნელი ტესტოსტერონის უფრო აქტიურ დეჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნის ახორციელებს, და რომელიც აგრესიულად მოქმედებს ტმის ფოლიკულებზე. ინიშნება ინდივიდუალურად-ტრიქოლოგის რეკომენდაციით.
სხვა მედიკამენტები
სხვა მედიკამენტების დანიშვნა გამომდინარეობს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან.
ლაზერული თერაპია
სპეციალური აპარატით ხდება თავის თმიანი საფარველის ლაზერით დასხივება, მსოფლიოში აღიარებული მეთოდია, რომლის კვლევების თანახმადაც დასტურდება მისი ეფექტიანობა როგორც კაცებში ასევე ქალებში. ის აუმჯობესებს თმის სტრუქტურას.
თმის ცვენის მკურნალობის შესახებ იხილეთ დეტალური ინფორმაცია აქ.
თმის გადანერგვა
თმის გადანერგვა თანამედროვე მედიცინის მიღწევაა. უკვე არსებობს რამდენიმე მეთოდი, თუმცა მოგვიწოდებენ და ოქროს სტანდარტად ითვლება თმის გადანერგვა FUE (უნაკერო) მეთოდით. თმის გადანერგვა ხდება მხოლოდ საკუთარი აუტოტრანსპლანტანტით, რაც გულისხმობს საკუთარი თმის გადანერგვას კეფის მიდამოდან (აქ თმები არ ცვივა) გამელოტებულ ადგილას. თმის გადანერგვა მეთოდების დახვეწასთან ერთად ხვეწს მიდგომებს, დღეს შესაძლებელია წვერის, წარბის გადანერგვა, ან წვერიდან, სხეულიდან გადანერგვა.
თმის გადანერგვა, განსხვავებით არაქირურგიული მკურნალობისგან, განსხვავებულ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ხშირად ფინანსებით დაინტერესებული ექიმი ცდილობს გამოტოვოს თმის ცვენის მკურნალობის ეტაპი და პირდაპირ თმის გადანერგვაზე გადავიდეს. სამწუხაროდ ამ რეალობას ვაწყდებით მსოფლიოს მასშტაბით. გამომდინარე აქედან, თმის გადანერგვამდე გირჩევთ საფუძვლიანად შეისწავლოთ ექიმის რეპუტაცია.
ვის მივმართოთ თმის ცვენის დროს?
თუ თქვენ გაწუხებთ თმის ცვენა რეკომენდებულია დერმატოლოგთან ან ტრიქოლოგთან ან თმის ტრანსპლანტოლოგთან ვიზიტი. ტრიქოლოგი, ეს არის პროფესიონალი თმის ცვენის მიმართულებით.
პროფესიონალი დერმატოლოგ-ტრიქოლოგი სწორად დაგისვამთ დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. კომპეტენტური ექიმი გათვლის რისკებს, ამოიცნობს თმის ცვენის გამომწვევ მიზეზს, შეაფასებს ორგანიზმში მიმდინარე მოვლენებს, შეარჩევს ინდივიდუალურად მორგებულ მკურნალობას და შეგიქმნით ადექვატურ მოლოდინს. რიგ შემთხვევებში თმის ცვენის მკურნალობა შედეგიანია, პაციენტი იღებს სასურველ შედეგს. გარდა თმის ცვენის დიაგნოსტირებისა შესაძლოა მიმდინარე ჰორმონლაური თუ ფსიქოლოგიური პრობლემა გამოიკვეთოს. იმ შემთხვევაში, თუ ეს საჭიროა, დერმატოლოგი გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან ან სხვა სპეციალობის ექიმთან, რათა გამომწვევი მიზეზი აღმოიფხვრას. ხშირად მიზეზის მკურნალობა საკმარისია თმის ცვენის პრობლემის გადაჭრისთვის.
არასწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში შესაძლოა თმის ცვენა მოიხსნას, თუმცა განმეორებითი ეპიზოდები იყოს მომავალში. ეს მიუთითებს არასწორ მკურნალობაზე ან/და გამომწვევი მიზეზის ცვლილებაზე.
გარკვეულ შემთხვევებში ტრიქოლოგ-დერმატოლოგი აღნიშნავს მკურნალობის უძლურების შესახებ (ანდროგენული ალოპეციის დროს უდაოა) და გადაგამისამართებთ თმის ტრანსპლანტოლოგთან, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას თმის გადანერგვის შესახებ.
ასევე შეგიძლიათ თმის ცვენისას ეწვიოთ თმის ტრანსპლანტოლოგს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას და აგიხსნით მდგომარეობას. თუ თქვენ არ გჭირდებათ თმის გადანერგვა გადაგამისამართებთ ტრიქოლოგ-დერმატოლოგთან მკურნალობისთვის.