local_phone
01/05/2020 - 18:17
სილამაზის კოქტეილები, ახალგაზრდობის საიდუმლო - გვესაუბრება დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნინო ჩაკაბერია.
გვესაუბრება დერმატოლოგ-კოსმეტოლოგი ნინო ჩაკაბერია.
_ როგორ მოქმედებს ზაფხულის მწველი მზე კანზე და რა საშუალებებით უნდა ვებრძოლოთ ულტრაიისფერი სხივების ნეგატიურ გავლენას?
_ ზაფხულში მუდმივად მაღალი ტემპერატურის, ჭარბი ულტრაიისფერი სხივების გავლენით წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები ნეგატიურად აისახება კანის სტრუქტურაზე. კანში ირღვევა განახლების პროცესი, სქელდება და უხეშდება, მცირდება სილამაზის ცილების _ კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი. არსებობს ასეთი ტერმინი _ ფოტოდაბერება, რაც სწორედ მზის სხივების მავნე ზემოქმედებას უკავშირდება და ვლინდება ნაადრევ ასაკში კანის სიმშრალით, შესაბამისად წვრილი ნაოჭების გაჩენით, პიგმენტური ლაქებითა და სისხლძარღვოვანი ცვლილებებით. ფოტოდაბერება, ბიოლოგიურისგან განსხვავებით, გაცილებით აგრესიულია, თუმცა არა შეუქცევადი. პროცესი რომ შევაჩეროთ, ცხელი ზაფხულის შემდეგ, შემოდგომა იდეალური პერიოდია კანის დამატენიანებელი პროცედურების ჩასატარებლად და დაზიანებული კანის აღსადგენად.
_ რა პროცედურებს უნდა მივმართოთ, რომ ეფექტურად აისახოს სახის კანზე?
_ როგორც უკვე აღვნიშნე, მზის მავნე ზემოქმედების შედეგად ვიღებთ გამომშრალ, აქერცლილ კანს, ჩნდება კუპეროზი, წვრილი ნაოჭები თვალის ირგვლივ, გაცილებით ღრმავდება ცხვირ-ტუჩის ნაოჭი, კანი კარგავს სიმკვრივეს, ტონუსი ქვეითდება. სწორედ ამ ნიშნების ასალაგებლად შეუდარებელ შედეგს გვაძლევს ინიექციური პროცედურები: მეზოთერაპია, ბიორევიტალიზაცია და პლაზმოლიფტინგი.
_ როგორ ხდება სასურველი პროცედურის შერჩევა?
_ მეზოთერაპიას თამამად შეიძლება მივმართოთ ადრეულ ასაკშიც, 23-25 წლიდან მიზანშეწონილია მისი გამოყენება, როგორც ფოტოდაბერების პრევენცია. პროცედურა წარმოადგენს: კანში ჰიალურონის, ვიტამინების, სამკურნალო ექსტრაქტების, ანტიოქსიდანტების, მიკროელემენტების შეყვანას ინიექციების სახით. ექიმის მიერ ინდივიდუალურად ინიშნება საჭირო კოქტეილი და ნაწილდება პრობლემურ ადგილებში. იგი ეფექტურია თვალის ირგვლივ წვრილი ნაოჭების ასალაგებლად, სიმშრალის, პიგმენტური ლაქების, მსუბუქი ფორმის აკნეს სამკურნალოდ. რაც შეეხება ბიორევიტალიზაციას, მისი მთავარი და პირდაპირი ამოცანა კანის ღრმა დატენიანებაა. თვითონ ტერმინი მიუთითებს განახლებას და გაახალგაზრდავებას. ბიორევიტალიზანტის ძირითადი მოქმედი ნივთიერებაა ჰიალურონის მჟავა თავისი უნიკალური თვისებებით, რაც უპირატესად წყლის მოლეკულის შეკავების უნარს გულისხმობს. ამასთან, იგი აქტიურად ახდენს თავისუფალი რადიკალების ნეიტრალიზაციას. ამგვარად, ეს არის `გაძლიერებული მეზოთერაპია~, რასაც შესაბამისად ახასიათებს სწრაფი შედეგი. დაზიანებული კანი, ფოტო თუ ქრონოდაბერების ნიშნებით, ადვილად იბრუნებს ჯანსაღ იერს, სიმკვრივეს და ტონუსს. თუ პაციენტი პირველად იკეთებს პროცედურას, ვურჩევ ისეთი პრეპარატის შერჩევას, რომელშიც ჰიალურონთან ერთად არის ამინომჟავებიც. რაც შეეხება პლაზმოლიფტინგს, ის ჩემი საყვარელი პროცედურაა. თუმეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის მთავარი მახასიათებელი კანის დატენიანებაა, პლაზმოლიფტინგი კანის სტუქტურის აღდგენას უკავშირდება, თანაც ჰიპოალერგიული და უსაფრთხოა. როგორც ქრონო-, ასევე ფოტოდაბერების დროს, თრომბოციტებით გაჯერებული პლაზმა გვევლინება როგორც კარგი სტიმულატორი, ხდება უჯრედების სწრაფი დაყოფა, კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავება. მთელი არსი თრომბოციტების ციტოპლაზმაში არსებულ ზრდის ფაქტორშია. შემთხვევითი არ არის, რომ ზრდის ფაქტორს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სილამაზის ფაქტორს, ამ პროცედურის დროს პაციენტის ვენიდან ვიღებთ სისხლს, რომელიც ცენტრიფუგაში, სპეციალური სინჯარის გამოყენებით მუშავდება; შედეგად გამოთავისუფლდება პლაზმა, გაჯერებული თრომბოციტებით და ნაწილდება პრობლემურ ზონებზე. შეიძლება იგივე ეფექტი სხვა ინიექციური საშუალებითაც მივიღოთ, მაგრამ პლაზმოლიფტინგი განსაკუთრებული პროცედურაა, რადგან ვიყენებთ საკუთარ რესურსს _ სისხლს, და ახასიათებს, როგორც დამატენიანებელი, ასევე გამოხატული ლიფტინგეფექტი, აქტუალურია კუპეროზისა და პიგმენტური ლაქების, აკნეს, პოსტაკნეს მკურნალობისას.